აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები. საყვავილე ღერო უფოთლოა, ღრუიანი, მცენარის ყოველი ნაწილი (ფესვები, ღეროები, ფოთლები) შეიცავს რეწვენს და ბოლოვდება მარტოული კალათა ყვავილებით. ყვავილები ყვითელი ან ვარდისფერია, იშვიათად მეწამული.ენისებრი, ორსქესა, შეკრებილია ცალკეულ ყვავილედებად, დიამეტრით 5 სმ-მდე და შიშველ, ღრუ უფოთლო საყვავილე კენწეროზე ვითარდებიან. ნაყოფი თესლურაა, ფრენია, ბოლოვდება ქოჩრით. ნაყოფი — თესლურა.
მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. ბაბუაწვერა ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შემოდის. ამიტომ, იგი ხშირად ზაფხულის განმავლობაში მეორე ყვავილობასაც ასწრებს.
ცნობილია ბაბუაწვერას 100 სახეობა. საქართველოში გვხვდება 9, მათგან 4 კავკასიის ენდემია. ფართოდაა გავრცელებული Taraxacum officinale, რომლის ფესვსა და მიწისზედა ნაწილს იყენებენ მედიცინაში. თაფლოვანი მცენარეა. ბაბუაწვერას ზოგი სახეობის (ქოქ-საღიზი) ფესვები მაღალი ხარისხის კაუჩუკს შეიცავს.
მცენარის ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისები და სხვა.
ნედლეულად იყენებენ ბაბუაწვერას ფესვებს. მათ გვიან შემოდგომით, ფოთლების ჭკნობის ფაზაში თხრიან ნიჩბებით, მიწას ჩამობერტყავენ, შემოაჭრიან ფოთლების ნარჩენებს, ფესვის წვეროს, გვერდით წვრილ ფესვებს, რეცხავენ ცივ წყალში და ტოვებენ ჰაერზე რამდენიმე დღე, სანამ არ შეწყდება მისგან რძეწვენის გამოყოფა.შემდეგ გაშლიან ქაღალდზე თხელ ფენად, აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში, კარგად გამომშრალ ფესვებს ინახავენ მშრალ ადგილზე არაუმეტეს 5 წლისა.
ბაბუაწვერას ფესვებიდან მიიღეს ტრიტერპენის შენაერთები, სიგმასტერინი, ინულინი (24%-მდე) ქოლინი, ნიკოტინის მჟავა, ფისები, ცვილი, კაუჩუკი (3%-მდე) და ცხიმი.
ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, როგორც მადის მომგვრელ, ნაღვლის სადენ საშუალებას. იყენებენ აგრეთვე ბუასილის სამკურნალოდაც.
ბაბუაწვერას ფესვებს აქვთ სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაწვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებზე და მეჭეჭებზე.
ბაბუაწვერა თაფლოვანი მცენარეა, ნექტარი 50კგ/1ჰა-ზე.
საფრანგეთსა და იტალიაში ბაბუაწვერას ფოთლებისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის სალათებს, მათ იყენებენ როგორც საერთო გამამაგრებელ საშუალებას.