აზოტის როლი მცენარისთვის
აზოტი მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, რადგანაც ამინომჟავების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მასზე დამოკიდებულია მცენარის, ნაყოფისა და მწვანე მასის ზრდა, ცილების, ფერმენტებისა და ქლოროფილის სინთეზი, ასევე ფიტოჰორმონების ბალანსი.
- სტრუქტურული და ფუნქციური ცილების (ფერმენტების) სინთეზი;
- აზოტი მონაწილეობს ციტოკინინის (უჯრედის გაყოფის მასტიმულირებელი ფიტოჰორმონი) წარმოქმნაში;
- გადამწყვეტია ფოთლის, ყვავილისა და ნაყოფის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის;
აზოტი ნიადაგში
ნიადაგის ზედაპირზე აზოტის 95%-ზე მეტი წარმოდგენილია ორგანული ფორმით, რომელიც შედის ფესვების, მკვდარი მცენარეული ნარჩენების, ჰუმუსისა და ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების შემადგენლობაში. დანარჩენი 5%-ზე ნაკლები აზოტი გვხვდება არაორგანული ფორმით — ძირითადად, ამონიუმისა და ნიტრატის სახით, ძალიან მცირე რაოდენობით კი ნიტრიტის სახით. ნიადაგის მთლიანი აზოტის დონე დიდწილად დამოკიდებულია ნახშირბადის შემცველობაზე და მასზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: კლიმატი, მცენარეულობა, ნიადაგის ტიპი, რელიეფი და ნიადაგის დამუშავების მეთოდები, მაგალითად - კულტივაცია.
აზოტი მცენარეებში
აზოტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარეთა ფოტოსინთეზის და მრავალი სხვა ბიოქიმიური პროცესის განხორციელებაში. ის მონაწილეობს ცილების სინთეზში და ხელს უწყობს მცენარეთა ზრდასა და განვითარებას. მცენარის მშრალ მასაში აზოტის შემცველობა, ჩვეულებრივ, მერყეობს 2-6%-ის ფარგლებში, თუმცა საშუალოდ შეადგენს 1.5%-ს. მცენარეები აზოტს ითვისებენ ძირითადად ამონიუმისა და ნიტრატის მარილების სახით, რაც ნიადაგში არსებული აზოტის ხელმისაწვდომი ფორმებია. ამ მიზეზით, აზოტის სწორი და დროული მიწოდება სასუქების სახით უმნიშვნელოვანესია მცენარეთა კვებისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.
რა ხდება დეფიციტის დროს?
ელემენტის ნაკლებობის დროს ფერხდება მცენარის ზრდა, ვეგეტატიური განვითარება, ნაყოფის ფორმირება. ქვედა იარუსის ფოთლებს ეძლევათ მოწითალო-მოყვითალო შეფერილობა, ვითარდება ქლოროზი.
რა ფაქტორები ზრდის აზოტის დეფიციტის ალბათობას?
- დაბალი ან მაღალი pH;
- ქვიშიანი ან მსუბუქი ნიადაგი, სადაც აზოტი ადვილად ირეცხება;
- ნიადაგის დაბალი ჰუმუსის შემცველობა;
- გვალვა, აფერხებს აზოტის გადაადგილებას ფესვთა ზონაში;
- ძლიერი წვიმა (გამორეცხვა) ან გადაჭარბებული მორწყვარაც აზოტს ნიადაგიდან რეცხავს;
- დიდი რაოდენობით არასრულად დაშლილი ორგანული მასალის (მაგ: ჩალა) შეტანა, რაც აზოტის დეფიციტს აძლიერებს, რადგან დაშლის პროცესისთვის გამოიყენება;
- სწრაფად მზარდი კულტურები, რომლებიც აზოტის დიდ რაოდენობას საჭიროებენ მოკლე დროში.
