თხილის დაცვა და მოვლა

სრული გზამკვლევი

ყველაფერი რაც გჭირდებათ ჯანსაღი თხილისა და უხვი მოსავლისთვის.

თხილის ძირითადი დაავადებები და მავნებლები

თხილის ძირითადი პრობლემები

ბორი
რატომ არის აუცილებელი ბორი თხილისთვის? ბორი თხილის კულტურისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია. მისი ნაკლებობა პირდაპირ აისახება მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე.

ბორი მონაწილეობს მცენარის თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში, თუმცა თხილისთვის მისი როლი განსაკუთრებულია. მისი ნაკლებობის ყველაზე გავრცელებული შედეგი ე.წ. „ფუყე“ (ცარიელი) თხილია. ეს ელემენტი ხელს უწყობს ნაყოფის გულის სრულფასოვან შევსებას.

ბორის გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია ვადების სწორად შერჩევაზე. თხილის შემთხვევაში არსებობს გამოყენების ორი ძირითადი ეტაპი:

1. გაზაფხული (ფოთლოვანი კვება) — ყველაზე კრიტიკული პერიოდია. ეს არის ბორის შეტანის მთავარი დრო, რათა ხელი შევუწყოთ ნაყოფის გამოკვებას, მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე, როდესაც თხილის გული ინტენსიურად იზრდება.

2. შემოდგომა (მოსავლის აღების შემდეგ) პერიოდი, სანამ ფოთოლი ჯერ კიდევ მწვანეა და აქტიური. ბორი გროვდება კვირტებში, რაც მომავალ წელს გაზაფხულზე აუმჯობესებს ყვავილობასა და დამტვერვას.

გლიფოსატი
რატომ არ შეიძლება გლიფოსატის შემცველი ჰერბიციდის გამოყენება თხილის ამონაყარზე? გლიფოსატის შემცვლი ჰერბიციდის გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია და ამას რამდენიმე სერიოზული მიზეზი აქვს.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ გლიფოსატი არის სისტემური მოქმედების ჰერბიციდი. ეს ნიშნავს, რომ ის არ წვავს მხოლოდ იმ ადგილს, სადაც მოხვდება, არამედ ქსოვილების მეშვეობით გადაადგილდება მთელს მცენარეში. თხილის ამონაყარი ფესვთა სისტემით პირდაპირ არის დაკავშირებული დედა მცენარესთან (მთავარ შტამბთან).

გლიფოსატის შესხურებისას ფოთლები იწოვენ პრეპარატს, რის შემდეგაც ტოტალური ჰერბიციდი გადადის ფესვებში, ფესვებიდან კი გლიფოსატი გადაადგილდება მთავარ ხეში. შედეგად, შეიძლება დაზიანდეს ან სრულად გახმეს მთლიანი ხე, მიუხედავად იმისა, რომ მასზე წამალი უშუალოდ არ დასხმულა.

გლიფოსატი აფერხებს იმ ფერმენტების მუშაობას, რომლებიც მცენარეს იმუნიტეტისთვის სჭირდება. დასუსტებული ფესვთა სისტემა უფრო მგრძნობიარე ხდება ფესვის სიდამპლისა და სხვა სოკოვანი დაავადებების მიმართ.

ტკიპა
როდის უნდა ჩატარდეს წამლობა თხილის კვირტის ტკიპის წინააღმდეგ? კვირტის ტკიპა (Phytoptus avellanae) თხილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანის მომტანი მავნებელია.

მისი მავნეობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება მანამ, სანამ ზიანი მასობრივ ხასიათს არ მიიღებს, რადგან მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. მავნებელი იკვებება კვირტის შიგთავსით, რის გამოც კვირტი არაბუნებრივად დიდდება, მრგვალდება და იღებს ყვავილის ფორმას. დაზიანებული კვირტიდან აღარ ვითარდება არც ფოთოლი და, რაც მთავარია, არც ნაყოფი. გაზაფხულზე ასეთი კვირტები შრება და ცვივა.

ტკიპას წინააღმდეგ ბრძოლაში დროის შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის კვირტის შიგნით დაცულია. წამლობა ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ტკიპები იწყებენ მიგრაციას — ძველი, დაზიანებული კვირტებიდან ახალ, ფორმირების პროცესში მყოფ კვირტებში.

მათი გადაადგილების პერიოდი დამოკიდებულია ამინდებზე. თუმცა ეს პერიოდი ხშირად ემთხვევა როდესაც თხილს გამოსული აქვს 3-5 სრულად გაშლილი ფოთოლი. სწორედ ამ დროს ტოვებენ ტკიპები ძველ „გაბერილ“ კვირტებს და გადადიან ახალ ყლორტებზე. დღიური ტემპერატურა უნდა იყოს 15°C-ზე მაღალი, რათა მავნებელი აქტიური იყოს.

რჩევა: მის წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება კროშე, რომელის მოქმედი ნივთიერებაც არის ტებუფენპირადი.
ვირუსი
თხილის მოზაიკური ვირუსი თხილის მოზაიკური ვირუსი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც თხილის კულტურას აზიანებს და მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსავლიანობაზე.

ვირუსის ამოცნობა ყველაზე ადვილად გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, ფოთლების განვითარების ფაზაშია შესაძლებელი. ფოთლის ზედაპირზე ჩნდება ღია მწვანე ან მოყვითალო ლაქები, რომლებიც ხშირად მოზაიკურ ნახატს წააგავს, ასევე ხშირად შეიმჩნევა ფოთლის ძარღვების გაყვითლება ან მათ გასწვრივ ზოლების გაჩენა. დაავადებული ფოთლები შეიძლება იყოს შეკუმშული, დაპატარავებული ან არასწორი ფორმის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვირუსი იწვევს ნაყოფის ნაადრევ ცვენას და გულის გამოფიტვას.

ვირუსი ძირითადად გადადის შემდეგი გზებით: დაავადებული ნერგების გამოყენებით, მექანიკური გზით გასხვლისას დაინფიცირებული ხელსაწყოების (მაკრატელი, ხერხი) მეშვეობით, და მწუწნი პირის აპარატის მქონე მავნებლების მიერ.

მნიშვნელოვანია, რომ ვირუსული დაავადებების სამკურნალო პირდაპირი ქიმიური პრეპარატი არ არსებობს. ბრძოლა მხოლოდ პრევენციული ღონისძიებებითაა შესაძლებელი, როგორიცაა ჯანსაღი სარგავი მასალა, მავნებლების კონტროლი და გასხვლისას სამუშაო იარაღების დეზინფექცია.

ხმობა
რამ შეიძლება გამოიწვიოს თხილის ხეების ხმობა? თხილის ხეების ხმობა და ფესვის დაავადებები სერიოზული გამოწვევაა ფერმერებისთვის.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც ხე ზემოდან იწყებს ხმობას, პრობლემა სწორედ ნიადაგში, ფესვთა სისტემაშია. ძირითადი დაავადებები, რომლებიც იწვევს თხილის ფესვების დაზიანებას და მცენარის თანდათანობით ან სწრაფ ხმობას:

1. ფესვისა და ფესვის ყელის სიდამპლე არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სოკოვანი დაავადება. სოკო აზიანებს ფესვებსა და ღეროს ქვედა ნაწილს (ფესვის ყელს). სიმპტომები: ფესვის ყელის ქერქის ქვეშ ჩნდება თეთრი, ფანტელისებრი სოკოვანი ნაფიფქი. ხე ნელ-ნელა კარგავს სიცოცხლისუნარიანობას, ფოთლები პატარავდება და ყვითლდება. შემოდგომაზე ხის ძირში შეიძლება გაჩნდეს თაფლისფერი სოკოების ჯგუფი. გამომწვევი მიზეზი: ჭარბი ტენიანობა და ნიადაგში დარჩენილი ძველი ხეების ფესვები.

2. ფიტოფტოროზი „წყლის ობის“ სახელითაცაა ცნობილი და განსაკუთრებით აგრესიულია მძიმე, დაჭაობებულ ნიადაგებში. სიმპტომები: ფესვები ხდება მუქი ყავისფერი ან შავი და ლპება. ფესვის ყელზე შეიძლება შეინიშნოს „სველი“ ლაქები. მცენარე წყვეტს ზრდას და ზემოდან ქვემოთ იწყებს ხმობას. გამომწვევი მიზეზი: ცუდი დრენაჟი და ფესვებთან წყლის ხანგრძლივი დგომა.

3. ვერტიცილიოზური ჭკნობა (Verticillium) ეს სოკო ნიადაგიდან იჭრება ფესვებში და ახშობს მცენარის გამტარ ძარღვებს, რითაც წყვეტს წყლის მიწოდებას. სიმპტომები: ხმობა ხშირად იწყება ხის მხოლოდ ერთ მხარეს ან ცალკეულ ტოტებზე. ფოთლები ნაპირებიდან იწყებენ ჭკნობას და ყავისფრდებიან. თუ ტოტს გადავჭრით, გამტარ ქსოვილებში დავინახავთ მუქ რგოლებს ან ზოლებს.

4. ბაქტერიული კიბო და ჭკნობა იწვევენ ქერქის დაზიანებას და წყლულებს, რაც საბოლოოდ აფერხებს საკვები ნივთიერებების მოძრაობას ფესვებიდან ვარჯისკენ.

ფესვის დაავადებების მკურნალობა რთულია, ამიტომ მთავარი აქცენტი პრევენციაზე უნდა გაკეთდეს: დრენაჟის მოწყობა, სწორი დარგვა, ფუნგიციდები, ინფიცირებული ხეების მოცილება.

📋 თხილის დაცვის ტექნოლოგიური სქემა

ფენოლოგიური ფაზა დანიშნულება დასახელება მოქმედი ნივთიერება დოზა 100ლ დოზა 1 ჰა
4-6 ფოთოლი, აპრილი ბაქტერიოზი კობოქსი სპილენძის ოქსიქლორიდი 80% 0.3 1.5
4-6 ფოთოლი, აპრილი ნაცარი Afepasa გოგირდი წყალში ხსნადი გოგირდი 80% 0.3 1.5
4-6 ფოთოლი, აპრილი ბუგრები ნო-ფლაი აცეტამიპრიდი 200 გ/კგ 0.1 0.5
მაისის დასაწყისი ნაცარი, სიდამპლე ატრეუსი პირიმეთანილი + ტრიფლოქსისტრობინი 0.1 0.5
მაისის დასაწყისი კვირტის ტკიპა, ტკიპა კროშე ტებუფენპირადი 200 გ/კგ 0.07 0.35
მაისის დასაწყისი სტიმულატორი ბროტავერდი ალუმინის ლიგნოსულფონატი 0.4 2
მაისის ბოლო/ივნისის დასაწყისი ცხვირგრძელა, ხარაბუზა კალინგო თიაკლოპრიდი 480 გ/ლ 0.03 0.24
მაისის ბოლო/ივნისის დასაწყისი ნაცარი ფლოკი დიფენოკონაზოლი 250 გ/ლ 0.035 0.28
მაისის ბოლო/ივნისის დასაწყისი ფოთლოვანი კვება ლებოსოლ მიქსი B, Cu, Mn, Zn 0.2 1.6
ივნისი (ნაყოფის ზრდა) ნაცარი, ნაყოფის სიდამპლე მანჩენტი ზირამი 760 გ/კგ 0.3 2.4
ივნისი (ნაყოფის ზრდა) ბიოსტიმულატორი მეგაფოლი ამინომჟავები, ვიტამინები 0.25 2
ივლისი ტკიპები კროშე ტებუფენპირადი 200 გ/კგ 0.07 0.35
ივლისი ნაცარი Afepasa გოგირდი წყალში ხსნადი გოგირდი 80% 0.3 1.5
* შენიშვნა: წყლის ხარჯვის ნორმა შეადგენს 500-800 ლიტრს 1 ჰექტარზე (დამოკიდებულია შესხურების ტექნიკაზე).

სიახლეები